Thursday, May 10, 2012

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია

მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია უპირატესად (შემთხვევათა 80%) ბავშვებში გვხვდება. განასხვავებენ მის ორ ტიპს - გრანულოციტურსა და აგრანულოციტურს (მარცვლოვანსა და არამარცვლოვანს). გრანულოციტური ლეიკემია შესაძლოა მიმდინარეობდეს ეოზინოფილების ან ნეიტროფილების მომატებით, ხოლო აგრანულოციტური - ლიმფოციტების (B და თ-ტიპის) და მონოციტების მომატებით. მომწიფებისა და განვითარების (დიფერენცირების) პროცესში ყველა უჯრედი გადის რამდენიმე ეტაპს, რომელთაგან პირველია ბლასტური ეტაპი (ლიმფობლასტები). სიმსივნით ძვლის ტვინის დაზიანების გამო ლიმფოციტები ვერ ასწრებენ საკმარისად მომწიფებას, რათა სრულყოფილად შეასრულონ თავიანთი დამცავი ფუნქცია. მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დროს უმეტესად (შემთხვევათა 85%) ზიანდება ორგანიზმში ანტისხეულების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი B ლიმფოციტები.
მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის სტადიებია:
ინტოქსიკაციური სინდრომი - სისუსტე, ცხელება, წონის კლება. ცხელება შესაძლოა განპირობებული იყოს ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი ან პროტოზოული (იშვიათად) ინფექციის დაწყებით, განსაკუთრებით ბავშვებში ნეიტროპენიის არსებობისას (1 მკლ-ში 1500-ზე ნაკლები ნეიტროფილები);
ჰიპერპლაზიური სინდრომი - პერიფერიული ლიმფური კვანძების გადიდება, რასაც ღვიძლისა და ელენთის ინფილტრაცია იწვევს და შესაძლოა, მუცლის ტკივილით გამოვლინდეს. ძვლისაზრდელასა და სასახსრე ჩანთის ლეიკემიური ინფილტრაციისა და ძვლის ტვინის მოცულობის სიმსივნური ზრდის გამო შესაძლოა თავი იჩინოს ძვლების ტკივილმა და ტეხის შეგრძნებამ, ხოლო რენტგენოგრამამ გამოავლინოს ლეიკემიური ინფილტრაციისთვის დამახასიათებელი ცვლილებები, განსაკუთრებით - მსხვილი სახსრების მახლობლად მდებარე ლულოვან ძვლებში.
ასთენიური სინდრომი - სიფითრე, სისუსტე, ტაქიკარდია, სისხლდენა პირის ღუს ლორწოვანი გარსიდან, ჰემორაგიული სინდრომი. სისუსტის მიზეზია ანემია და ინტოქსიკაცია.

ჰემორაგიული სინდრომი უკავშირდება როგორც თრომბოციტოპენიას, ისე სისხლძარღვშიდა თრომბოზს (განსაკუთრებით - ჰიპერლეიკოზის დროს) და იწვევს კანსა და ლორწოვანზე წერტილოვანი სისხლჩაქცევების გაჩენას, მელენას (სისხლიანი განავალი) და სისხლიან ღებინებას. ვაჟებს შესაძლოა განუვითარდეთ ერთი ან ორივე სათესლე ჯირკვლის გადიდება (შემთხვევათა 30%). ჯირკვალი მკვრივია და არ ახასიათებს ტკივილი. განსაკუთრებით ხშირია ეს სიმპტომი მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის ჰიპერლეიკოციტოზური და თ-უჯრედული ვარიანტის დროს.
სუნთქვის მხრივ დარღვევები დაკავშირებულია შუასაყრის ლიმფური კვანძების გადიდებასთან, რამაც შესაძლოა სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს.
თვალის ბადურა გარსზე შესაძლოა გაჩნდეს სისხლჩაქცევები, შეშუპდეს მხედველობის ნერვი. ოფთალმოსკოპიამ შესაძლოა გამოავლინოს ლეიკემიური ფოლაქები თვალის ფსკერზე.
იმუნიტეტის ძლიერი დაქვეითების გამო კანის ნებისმიერი დაზიანება შესაძლოა ინფექციის წყაროდ იქცეს.
მეტად იშვიათი გართულებაა ინფილტრაციის შედეგად თირკმელების დაზიანება (კლინიკურად შესაძლოა არ გამოვლინდეს) და პერიკარდიტი ენდოკარდიუმსა და პერიკარდიუმს შორის ლიმფის დინების მოშლის გამო.

No comments:

Post a Comment