Thursday, May 10, 2012

მწვავე მიელობლასტური ლეიკემია

ლეიკემიის ამ ნაირსახეობას ასევე უწოდებენ არალიმფობლასტურ ლეიკოზს, მწვავე მიელოიდურ ლეიკოზს, მიელობლასტოზს. ეს დაავადება ყველაზე ხშირად მოწიფულ ასაკში გვხვდება, ამასთანავე, ასაკის მატებასთან ერთად დაავადების განვითარების ალბათობაც იმატებს.
FAB (ფრანგულ-ამერიკულ-ბრიტანული) კლასიფიკაციის მიხედვით, არსებობს მწვავე მიელობლასტური ლეიკემიის მიმდინარეობის 7 ვარიანტი:
M1. მიელობლასტური ლეიკემია უჯრედების მომწიფების გარეშე;
M2. მიელობლასტური ლეიკემია უჯრედების არასრული მომწიფებით;
M3. პრომიელობლასტური ლეიკემია;
M4. მიელომონობლასტური ლეიკემია;
M5. მონობლასტური ლეიკემია;
M6. ერითროლეიკემია;
M7. მეგაკარიობლასტური ლეიკემია.
M4-M7-ის ადრეული ვარიანტები მწვავე ლეიკემიის ცალკე სახეობად განიხილება. ზუსტი დიაგნოზის დასმა შესაძლებელია მხოლოდ სიმსივნური უჯრედების იმუნოფენოტიპირებით და ციტოქრომული შეღებვით. ჩვეულებრივ, დიაგნოსტირების მიზნით ტარდება ძვლის ტვინის პუნქცია, მიღებულ მასალას ღებავენ სპეციალური საღებავით და ათვალიერებენ მიკროსკოპით.
დაავადების საწყის ეტაპზე ღვიძლი და ელენთა ნორმაშია, ლიმფური კვანძები გადიდებული არ არის, მაგრამ სისხლში შეიმჩნევა ფორმიანი ელემენტების შემცირება, ნორმალური სისხლმბადი უჯრედების გამოდევნა ნეოპლაზიური უჯრედებით. შედეგად ვითარდება ანემია, თავს იჩენს სიფითრე, ჰიპოქსიის სიმპტომები. თრომბოციტოპენია (თრომბოციტების შემცირება) იწვევს პეტექიური (წერტილოვანი) სისხლჩაქცევების გაჩენას - ჰემორაგიულ დიათეზს. ჰემორაგიული დიათეზის მიზეზია სისხლძარღვთა გამავლობის მომატება სისხლნაკლებობისა და ინტოქსიკაციის გამო.
ნეიტროპენიას (ნეიტროფილური ლეიკოციტების რაოდენობის შემცირებას) ავლენს ინფექციური სნეულებებით ხშირი ავადობა და ლორწოვანი გარსის დაწყლულება (ნეკროზი). ნეკროზი უმეტესად პირის ღრუში, ნუშურა ჯირკვლებზე (ნეკროზული ანგინა) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ვითარდება. შესაძლოა, განვითარდეს ელენთის ინფარქტიც. ნეკროზის მიზეზი შესაძლოა იყოს ლეიკემიური ინფილტრატები, რომლებიც სისხლძარღვთა სანათურში იზრდება. მკვეთრად სუსტდება იმუნური ძალები და ორგანიზმის საერთო რექტიულობა, რასაც მოჰყვება ხშირი ინფექცია და ანთებითი დაავადებების განვითარება. არცთუ იშვიათია ინტოქსიკაცია და სხეულის ტემპერატურის მატება.
ძვლის ტვინი მიელობლასტური ლეიკემიის დროს იღებს მარცვლოვან ელფერს, ამიტომ მას პიოიდურ (ჩირქოვან) ძვლის ტვინსაც უწოდებენ.

No comments:

Post a Comment