Thursday, May 10, 2012

მწვავე ლეიკემიის მკურნალობის პრინციპები

მწვავე ლეიკემიების მკურნალობის მთავარი მეთოდია ქიმიოთერაპია, უმთავრესად - ციტოსტატიკური პრეპარატებით.
სხვადასხვა კლინიკაში მკურნალობის სხვადასხვაგვარ სქემას იყენებენ. მკურნალობის ხანგრძლივობა, განურჩევლად ფორმისა, დაახლოებით ერთნაირია და ორ წელს შეადგენს.
მწვავე ლეიკემიების თერაპია მოიცავს სტაციონარულ და ამბულატორიულ კომპონენტებს. თავდაპირველად ტარდება ინტენსიური ქიმიოთერაპია, რომლის მთავარი ამოცანაა სიმსივნის დაშლა. პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ტარდება თითქმის მუდმივი ინფუზიური თერაპია (ვენაში გადასხმები). პარალელურად ინიშნება სითხით დატვირთვა - ჯერ ერთი, იმისთვის, რომ ორგანიზმიდან სწრაფად გამოიდევნოს სიმსივნის დაშლის პროდუქტები, მეორეც - თუ ორგანიზმში საკმაო სითხე არ იქნა შეყვანილი, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებულმა ზოგიერთმა პრეპარატმა (მაგალითად, ციკლოფოსფანმა) შესაძლოა ავნოს თირკმელებს.
სიმსივნის დაშლიდან განსაზღვრული ხნის შემდეგ იწყება სისხლის ნორმალური მწიფე უჯრედების წარმოშობა. ერითროციტებისა და თრომბოციტების დეფიციტის შევსება შესაძლებელია შესატყვისი დონორული მასის გადასხმით, ლეიკოციტები კი დამოუკიდებლად უნდა წარმოიქმნას. ამით არის განპირობებული პაციენტის გარესამყაროსგან (ნათესავებისგანაც კი) ერთგვარი იზოლაცია და ჰიგიენის, ასეპტიკისა და ანტისეპტიკის მკაცრი მოთხოვნა - ამ პერიოდში ხომ ორგანიზმი ფაქტობრივად მოკლებულია იმუნურ დაცვას და ნებისმიერმა ინფექციამ შესაძლოა გაართულოს მკურნალობის შემდგომი პერსპექტივა. მკურნალობის ამ ეტაპზე ავადმყოფს, ჩვეულებრივ, ათავსებენ ცალკე, ხშირად - ერთადგილიან პალატაში, და მკაცრად უზღუდავენ გარესამყაროსთან ურთიერთობას. ინფექციის თავიდან ასაცილებლად ავადმყოფმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს შხაპი და დღეში 5-6-ჯერ გამოივლოს პირში ანტისეპტიკური ხსნარი ან ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონე ბალახების ნახარში. ყოველი მოშარდვისა და დეფეკაციის შემდეგ აუცილებელია ანტისეპტიკებით დაბანა. ლორწოვან გარსზე ანთების კერის (მაგალითად, სტომატიტის) გაჩენის შემთხვევაში ექიმი ნიშნავს მოვლის დამატებით მეთოდს. ლორწოვანისა და კანის ასეთი საგულდაგულო მოვლა ინფექციის ორგანიზმში შეჭრის თავიდან ასაცილებლად არის საჭირო. პალატა დღეში ორჯერ უნდა სუფთავდებოდეს სველი წესით, ანტისეპტიკური ხსნარის გამოყენებით. უნდა დამუშავდეს არა მარტო იატაკი და კედლები, არამედ მაგიდა, ფანჯრის რაფა, რადიატორები.
ამავე პერიოდში ავადმყოფმა უნდა დაიცვას სპეციალური დამზოგველი დიეტა (კუჭისა და ნაწლავების ლორწოვან გარსსაც ფაქიზი მოპყრობა სჭირდება). საკვები რაციონიდან უნდა გამოირიცხოს უხეშბოჭკოვანი პროდუქტები: დაღერღილი ხორბლის პური, ვაშლი, მსხალი, კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი, ხილი და ბოსტნეული. ასევე არ არის რეკომენდებული შემწვარი, ცხარე, ცხიმიანი და შებოლილი საკვები.
ქიმიოპრეპარატები არა მარტო დაავადებულ, არამედ ჯანმრთელ უჯრედებსაც თრგუნავენ, განსაკუთრებით კი იმ უჯრედებს, რომლებიც სწრაფად იყოფიან (თმის, ფრჩხილების, ლორწოვანის). სწორედ ამიტომ არის, რომ ქიმიოთერაპიის დროს ავადმყოფს სცვივა თმა, უშრევდება ფრჩხილები, ემუქრება სტომატიტის განვითარება. ხშირად მკურნალობას თან სდევს მუდმივი გულისრევა, სისუსტე, ძილად მივარდნა. ამ პერიოდში აუცილებელია ხშირი დასვენება და თვალების დატვირთვის (ტელევიზორი, კომპიუტერი, წიგნები) შემცირება.
რემისია მიღწეულად ითვლება, როდესაც სისხლის ბლასტურ უჯრედებს ვერ ნახულობენ ვერც პერიფერიულ სისხლში, ვერც თავ-ზურგტვინის სითხეში, ვერც ძვლის ტვინში. იდეალურ შემთხვევაში ეს მდგომარეობა მკურნალობის დაწყებიდან 2 წელიწადში მიიღწევა. თუ ეს ვერ მოხერხდა, ქიმიოთერაპიის მოცულობა იზრდება.
რემისიის მიღწევით მკურნალობა არ სრულდება - შემდგომი თერაპია მიმართულია მიღებული შედეგის გამყარებისკენ. ამ დროს ავადმყოფს ხშირად რამდენიმე ხნით სახლში უშვებენ, თუმცა რეჟიმი და დიეტა სახლშიც უნდა დაიცვას. გამამყარებელი კურსის შემდეგ ზოგიერთ ავადმყოფს სჭირდება თავის ტვინის სხივური თერაპია. დოზა დამოკიდებულია ასაკსა და მკურნალობის სქემაზე. სხივური თერაპიის პერიოდში ავადმყოფი უნდა იკვებებოდეს კარგად, არ უყუროს ტელევიზორს, არ იმუშაოს კომპიუტერთან, დღეში 2 საათი მაინც გაატაროს სუფთა ჰაერზე, დღე-ღამეში 8 საათი მაინც იძინოს (სასურველია დღისით დაძინებაც). კვების რაციონში უნდა ჩაირთოს ანტიოქსიდანტებით მდიდარი სურსათი (მწვანე ჩაი, კაკალი, თაფლი და სხვა). ყოველივე ეს აუცილებელია თავის ტვინის დასხივების ტოქსიკურობის შესამცირებლად.
ამის შემდეგ პაციენტი გადაჰყავთ ამბულატორიულ შემანარჩუნებელ მკურნალობაზე, რომელიც, ჩვეულებრივ, წელიწად-ნახევარს გრძელდება. მკურნალობა ხორციელდება სახლის პირობებში, მაგრამ პერიოდულად საჭიროა ჰემატოლოგთან ვიზიტი და საკონტროლო გამოკვლევის ჩატარება.
სამწუხაროდ, გამოჯანმრთელება ყოველთვის ვერ ხერხდება. პაციენტთა განსაზღვრულ პროცენტს (რისკჯგუფს) მაინც ემუქრება დაავადების გამწვავება. რეციდივის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობის გამეორება. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია რეციდივის ფორმასა და მკურნალობიდან გასულ დროზე. რეციდივის შემთხვევაში მკურნალობის იდეალური ვარიანტია ძვლის ტვინის გადანერგვა, მაგრამ დონორი შეიძლება იყოს მხოლოდ პაციენტის ღვიძლი ძმა ან და, ისინიც - არა ყოველთვის. თავსებადობის დასადგენად ტარდება სპეციალური გამოკვლევა.
ძვლის ტვინის გადანერგვა ნაჩვენებია არაკეთილსაიმედო ფაქტორების არსებობისა და რეციდივის დროს. სხვა შემთხვევაში მკურნალობის უმჯობეს მეთოდად ქიმიოთერაპიაა მიჩნეული.
ბოლო ხანს საგრძნობლად გაუმჯობესდა ბავშვებში მწვავე ლეიკოზის მკურნალობა და პროგნოზი. ამჟამად მკურნალობით შესაძლებელია სრული გამოჯანმრთელების მიღწევა.

No comments:

Post a Comment