Thursday, May 10, 2012

ქრონიკული ლეიკემიის მიმდინარეობა

მწვავესგან განსხვავებით, ქრონიკული ლეიკემიის დროს სისხლის უჯრედები ასწრებენ მომწიფებას, მაგრამ მიღებულ უჯრედთა უმეტესობას არ შესწევს თავისი ფუნქციის შესრულების უნარი. ლაბორატორიული ანალიზები ავლენს დიდი ოდენობით ლეიკოციტებს, მაგრამ ინფექციისგან ორგანიზმის დაცვა უზრუნველყოფილი მაინც არ არის. როცა გრანულაციური უჯრედი იმდენად ბევრია, რომ ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას, ავადმყოფს უტარებენ ლეიკოფორეზს - აცილებენ ზედმეტ ლეიკოციტებს, მათ შორის - სიმსივნურ უჯრედებსაც. ამ პროცედურის ეფექტი სწრაფია, მაგრამ დროებითი.
ქრონიკულ ლეიკემიას შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს საწყისი ფაზა. დაავადებულთა 50% არაფერს უჩივის, ლეიკემიას შემთხვევით, სხვა მიზნით გაკეთებული სისხლის ანალიზის საფუძველზე ადგენენ. ქრონიკული ლეიკემია შესაძლოა დიაგნოზის დასმის შემდეგაც წლობით შედარებით კეთილთვისებიანად მიმდინარეობდეს. ამ ფაზას მონოკლონურს უწოდებენ. მას ახასიათებს სიმსივნური უჯრედის ერთი კლონის არსებობა. მომდევნო სტადია განპირობებულია მეორეული სიმსივნური კლონის გაჩენით, ახასიათებს სწრაფი მიმდინარეობა, მრავლობითი ბლასტის წარმოქმნა. ამ სტადიას უწოდებენ პოლიკლონურს ან ბლასტური კრიზის სტადიას.
ქრონიკული ლეიკემიით დაავადებულებს უვითარდებათ სპლენოჰეპატომეგალია (ელენთისა და ღვიძლის გადიდება), ქრონიკული ანემია და ლიმფური კვანძების გენერალიზებული დაზიანება.

მწვავე ლეიკემიის მიმდინარეობა

საწყისი სტადია - მისი შეფასება, ჩვეულებრივ, შესაძლებელია მხოლოდ რეტროსპექტიულად ანუ დასრულების შემდეგ. სისხლის ბიოქიმიური მაჩვენებლები შეიძლება იყოს როგორც ნორმალური, ისე რამდენადმე მომატებული ან შემცირებული. ასევე შესაძლოა თავი იჩინოს მცირე სისუსტემ, გამწვავდეს ადრე არსებული ქრონიკული დაავადებები, გააქტიურდეს ჰერპესვირუსი, სხვა ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები.
განვითარებული პერიოდი - ამ დროს მკვეთრად არის გამოხატული კლინიკური და ჰემატოლოგიური ნიშნები. სტადიას ახასიათებს გამწვავება და რემისია, რომელიც ან სრული გამოჯანმრთელებით სრულდება, ან ტერმინალურ სტადიაში გადადის. რემისიის დამადასტურებელი მთავარი კრიტერიუმია პერიფერიულ სისხლში ბლასტური უჯრედების არარსებობა. თუ კლინიკურ-ჰემატოლოგიური რემისია 5 წელიწადს და მეტხანს გაგრძელდა, ვამბობთ, რომ პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ტერმინალური სტადია - ციტოსტატიკები (სიმსივნის ზრდის შემაფერხებელი პრეპარატები), რომლებიც მწვავე ლეიკემიის სამკურნალოდ ინიშნება, ამ სტადიაში უეფექტოა, სისხლმბადი სისტემა სრულიად დათრგუნულია. ზოგჯერ ამ სტადიაშიც ტარდება ძვლის ტვინის გადანერგვა, მაგრამ ლეტალური გამოსავალი მაინც ხშირია

ლეიკემიის კლასიფიკაცია

ლეიკემიის კლასიფიკაცია
ტრადიციული კლასიფიკაციის მიხედვით, ლეიკემია ორგვარია - მწვავე და ქრონიკული. ასეთი დაყოფა პროლიფერაციული უჯრედების ზრდისა და განვითარების თავისებურებებს უკავშირდება. მწვავე ლეიკემიის დროს სისხლში დიდი რაოდენობით გროვდება არადიფერენცირებული ანუ ბლასტური (უმწიფარი, განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი) უჯრედი, ქრონიკული ლეიკემია კი იძლევა დიფერენცირებულ (წესისამებრ, გრანულოციტურ) უჯრედთა პოპულაციას, რომლებიც თანდათანობით ენაცვლება პერიფერიული სისხლის ნორმალურ უჯრედებს.
უნდა ითქვას, რომ ჰემატოლოგიაში ტერმინებს "მწვავესა" და "ქრონიკულს" მედიცინის სხვა დარგებთან შედარებით განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მაგალითად, მწვავე ლეიკემია ზოგჯერ ქრონიკულში არ გადადის, ქრონიკული კი არ მწვავდება. ეს ტერმინები პირობითია, გამოხატავს დაავადების ბუნებას და არა მისი მიმდინარეობის ინტენსივობას.