Thursday, May 10, 2012

ქრონიკული ლეიკემიის მიმდინარეობა

მწვავესგან განსხვავებით, ქრონიკული ლეიკემიის დროს სისხლის უჯრედები ასწრებენ მომწიფებას, მაგრამ მიღებულ უჯრედთა უმეტესობას არ შესწევს თავისი ფუნქციის შესრულების უნარი. ლაბორატორიული ანალიზები ავლენს დიდი ოდენობით ლეიკოციტებს, მაგრამ ინფექციისგან ორგანიზმის დაცვა უზრუნველყოფილი მაინც არ არის. როცა გრანულაციური უჯრედი იმდენად ბევრია, რომ ხელს უშლის სისხლის ნორმალურ დინებას, ავადმყოფს უტარებენ ლეიკოფორეზს - აცილებენ ზედმეტ ლეიკოციტებს, მათ შორის - სიმსივნურ უჯრედებსაც. ამ პროცედურის ეფექტი სწრაფია, მაგრამ დროებითი.
ქრონიკულ ლეიკემიას შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს საწყისი ფაზა. დაავადებულთა 50% არაფერს უჩივის, ლეიკემიას შემთხვევით, სხვა მიზნით გაკეთებული სისხლის ანალიზის საფუძველზე ადგენენ. ქრონიკული ლეიკემია შესაძლოა დიაგნოზის დასმის შემდეგაც წლობით შედარებით კეთილთვისებიანად მიმდინარეობდეს. ამ ფაზას მონოკლონურს უწოდებენ. მას ახასიათებს სიმსივნური უჯრედის ერთი კლონის არსებობა. მომდევნო სტადია განპირობებულია მეორეული სიმსივნური კლონის გაჩენით, ახასიათებს სწრაფი მიმდინარეობა, მრავლობითი ბლასტის წარმოქმნა. ამ სტადიას უწოდებენ პოლიკლონურს ან ბლასტური კრიზის სტადიას.
ქრონიკული ლეიკემიით დაავადებულებს უვითარდებათ სპლენოჰეპატომეგალია (ელენთისა და ღვიძლის გადიდება), ქრონიკული ანემია და ლიმფური კვანძების გენერალიზებული დაზიანება.

No comments:

Post a Comment